ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იაპონიის ახალი მთავრობის მეორე მინისტრი გადადგა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იაპონიის ახალი მთავრობის მეორე მინისტრი გადადგა

იაპონიის იუსტიციის მინისტრი კაცუიუკი კავაი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდების გამო გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კავაიმ გადადგომის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე მან და მისმა ცოლმა ამომრჩევლებს საჩუქრების სახით ბოსტნეული და ხილი დაურიგა, კერძოდ კარტოფილი, სიმინდი და მანგო. ის სინძო აბეს ახალშექმნილი კაბინეტის მეორე მინისტრი გახდა, რომელმაც ბოლო ერთი კვირის გამავლობაში თანამდებობა დატოვა.

ანალოგიური ბრალდების გამო, მანამდე პოსტიდან გადადგა იაპონიის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი ისშუ სუგავარა, რომელმაც, მედიის ცნობით, ამომრჩევლებს ნესვი და კიბორჩხალები დაურიგა.

ამასთან, იაპონური პრესის ინფორმაციით, კაცუიუკი კავაის მეუღლემ ანრი კავაიმ, რომელიც მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი დეპუტატია, საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს კანონით დაშვებულზე ორჯერ მეტ ანაზღაურებას უხდიდა.