ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად ხილი და თამბაქო, ასევე ღამის გასათევი მომსახურება გაძვირდა
ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად ხილი და თამბაქო, ასევე ღამის გასათევი მომსახურება გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად ხილი, ასევე თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა.

ხილსა და ყურძენზე ფასები 30.3 პროცენტითაა მომატებული, თამბაქოს ნაწარმზე კი 29.9 პროცენტით.

წლიურად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზეც: ბოსტნეული და ბაღჩეული (16.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), თევზეული (14.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.8 პროცენტი).

თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფის გავლენა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე ერთი პროცენტული პუნქტით განისაზღვრა. თამბაქოს გარდა, გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებიც (3.4 პროცენტი).

დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში ფასები გაზრდილია შვიდი პროცენტით. ფასები გაიზარდა დასვენების, გართობისა და კულტურის ხანგრძლივი მოხმარების სხვა საქონელზე (11.6 პროცენტი), ასევე გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (1.6 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი მატება, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6 პროცენტი).

სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები მომატებულია 7.4 პროცენტით. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.4 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.0 პროცენტი).