ბოლნისში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა
ბოლნისში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობის გაზრდა იმ პირებს უკავშირდება, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ქვემო ბოლნისში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალბატონთან, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამ დროისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კარდაკარის პრინციპით მედიკოსებმა 31 449 პირს ჩაუტარეს სამედიცინო შემოწმება.

„ექვსი საათის მონაცემებით, თერმოსკრინინგი ჩაიტარა და გამოკვლეულია საერთო ჯამში 31 449 ადამიანი, დღეს ოჯახის ექიმების მიერ გამოკვლეულია ხუთი ათასზე მეტი ადამიანი. დღევანდელი მონაცემებით, სკრინინგით გამოკვლეულია ორი ადამიანი, რომლებიც გადაყვანილები არიან და ველოდებით მათ პასუხებს, პასუხები იქნება ალბათ ხვალისთვის. ​თვითიზოლაციის მაჩვენებელი გაიზარდა გამომდინარე იქიდან, რომ ქვემო ბოლნისში გვაქვს დადასტურებული ერთი შემთხვევა და თვითიზოლაციაში ავიყვანეთ ამ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირები. შესაბამისად, გაიზარდა ეს მაჩვენებელი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა.

მისივე თქმით, ინფორმაციები, რასაც კრებენ ოჯახის ექიმები, არის ტემპერატურა, რის მიხედვითაც დგება სავარაუდო კორონავირუსული ინფექციაზე ეჭვის მიტანა. ასევე ტემპერატურას პლუს რომელიმე ერთი რესპირატორული სიმპტომი მაინც. ასევე ივსება კითხვარები, მოქალაქეთა მოგზაურობისა და კონტაქტების შესახებ.