ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი იწყება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის განხორციელებას იწყებს.
ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ, დირექტორის მოადგილესთან, სანდრო ზაბახიძესთან, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, დავით შერაზადაშვილსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, ზამურ ჭითანავასთან ერთად, დაგეგმილი სამუშაოების არეალი დაათვალიერა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა.
შეხვედრაზე განისაზღვრა პირველ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოები და სამშენებლო კომპანიას შესაბამისი დავალებები მიეცა.
პროექტი ითვალისწინებს ბოლნისის ისტორიული უბნის, გერმანული დასახლების, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას.
პარკში მოეწყობა სპორტული, რეკრეაციული და კულტურული ზონები, საბავშვო სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები. ასევე განახლდება 9 აპრილის მემორიალი.
პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულტურული და ღვინის ტურიზმის განვითარებას, ისტორიული გერმანული მარნების აღდგენასა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთიან ტურისტულ მარშრუტში გაერთიანებას.
დაგეგმილია შენობა-ნაგებობების, ქუჩებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის განახლება და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება. შედეგად, შენარჩუნდება ბოლნისის ისტორიული იერსახე და გაძლიერდება ტურისტული პოტენციალი.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
