ბოლნისში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს კარდაკარის პრინციპით სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ
ბოლნისში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს კარდაკარის პრინციპით სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოჯახის ექიმ ეივაზ ისაევის განცხადებით, ბოლნისში თვითიზოლაციაში ხუთამდე ოჯახი იმყოფება.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არცერთს რაიმე საეჭვო სიმპტომი არ გამოვლენია.

„სიტუაცია რთულია, რადგან მარნეულში აღმოაჩნდა ქალს კორონავირუსი. ის ბოლნისის ტერიტორიაზეც იმყოფებოდა ორი დღის განმავლობაში, ამიტომ ჩვენს ტერიტორიაზეც კარანტინია გამოცხადებული. ახლა ოთხი-ხუთი ოჯახი იმყოფება თვითიზოლაციის რეჟიმში, არსად მიდიან და სახლში არავის უშვებენ. ბოლნისიდან მარნეულში არავის უშვებენ და პირიქით. ჩვენ აგიტაციას ვეწევით, რომ არ იარონ ხალხმრავალ ადგილას, დაიცვან დისტანცია ორი მეტრის რადიუსით. მას შემდეგ, რაც ამ ქალბატონს დაუდგინდა კორონავირუსი, სხვებს არ ჰქონიათ რაიმე საეჭვო სიმპტომები. ამ ოჯახებს ამოწმებენ ყოველდღე, თუმცა არ აქვთ არც ცხელება და არც ხველება“, – განაცხადა ოჯახის ექიმმა.

მისივე განმარტებით, ბოლნისში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან, რათა მოქალაქეებს კარდაკარის პრინციპით სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულის დას, მას განმეორებით ანალიზებს და ტესტირებას კვლავ ჩაუტარებენ, თუმცა რაიმე საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.