ბოლნისში გამოკვლეული 98 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

12:36, 21.05.2020

ბოლნისიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი 98 პირის ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

ბიოლოგიური ნიმუშები ეპიდემიოლოგებმა ქალაქ ბოლნისში და სოფელ რაჭისუბანში აიღეს, სადაც 16 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

სოფელ რაჭისუბანში ხუთი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება და ბოლო დაინფიცირება 21 აპრილს გამოვლინდა. ყველა მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლასტერთანაა დაკავშირებული და ხუთივე ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ქალაქ ბოლნისს, კლასტერთან 52 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. უმრავლესობა მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაინფიცირებულ თანამშრომელთა კლასტერთანაა დაკავშირებული. ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან ორი საინკუბაციო ვადა 23 მაისს იწურება და ამ პერიოდის განმავლობაში ახალი შემთხვევები ქალაქში არ გამოვლენილა.

ქალაქ ბოლნისში დღეს თერმოსკრინინგის მორიგი ეტაპი იწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 160 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

მსგავსი