ბოლნისში დააკავეს მოქალაქე, რომელმაც მდინარეში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული რ.შ. წყლის დაბინძურების ბრალდებით დააკავეს. საუბარია მოქალაქეზე, რომელმაც მდინარეში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითაც აღნიშნული მდინარე დააბინძურა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ბრალდებულის სახით ბოლნისში დააკავეს.

წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.