ბოლნისში, აქციაზე ადგილობრივებს, „არ ემ ჯი გოლდის“ წარმომადგენელსა და ნიკა მელიას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში აქციაზე მოსახლეობის ნაწილი ჯერ „არ ემ ჯი გოლდის“ წარმოების დირექტორს, კობა მენაბდიშვილს ხოლო შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას დაუპირისპირდა, რომელიც აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდა.

აქციის მონაწილეებმა ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, ვინაიდან ამბობენ, რომ საკითხის პოლიტიზება არ სურთ.

რაც შეეხება მენაბდიშვილთან დაპირისპირებას, ადგილობრივები „არ ემ ჯი გოლდისგან“ რაიონში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ან კომპენსაციების გადახდას ითხოვენ, რათა სხვა ადგილას საცხოვრებლად გადასვლა შეძლონ.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, აფეთქებები, რომლებიც კარიერზე მიმდინარეობს, საცხოვრებელ სახლებს აზიანებს, ხოლო მოპოვებითი სამუშაოების დროს ხდება გარემოს დაბინძურება.

როგორც კობა მენაბდიშვილმა პირველ არხს განუცხადა, მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, „არ ემ ჯი გოლდის“ სამუშაოები ხალხსა და გარემოს საფრთხეს არ უქმნის.

როგორც კომპანიის წარმოების დირექტორმა განმარტა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა სეისმური ხელსაწყოები, რომლებიც აფეთქების სიძლიერეს ზომავს. მისი თქმით, მიმდინარე სამუშაოებით კანონი არ ირღვევა.

გარდა ამისა, როგორც მენაბდიშვილი ამბობს, კომპანიამ თავდაპირველი პროექტი შეცვალა და სოფელს აარიდა გზა, სადაც სატვირთო ავტომობილები უნდა გადაადგილდნენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილიც მივიდა. მისი თქმით, სოფელში მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, თუმცა ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამოჩნდნენ და სიტუაციის დაძაბვა სცადეს. როგორც გამგებელმა აღნიშნა, ამ დროისთვის, ვითარება განმუხტულია.

ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიის მოსახლეობა ხრამის ხეობასთან დილიდან არის შეკრებილი და კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“ მიერ დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებს.