ბოლნისში ახალი მუზეუმი გაიხსნა [ფოტო]
ბოლნისში ახალი მუზეუმი გაიხსნა [ფოტო]

ბოლნისის ახალი მუზეუმი გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე.

შენობაში ასევე განთავსებულია ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები. საექსპოზიციო სივრცეებში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი. ძირითადად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ასევე, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან.

„ეს გახლავთ თანამედროვე რეგიონული მუზეუმის მოდელი, სადაც, ერთი მხრივ, არის მაღალი რანგის მეცნიერება, ასევე ძალიან თანამედროვედ წარმოჩენილი ექსპოზიცია, ასევე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი თავისი აუდიტორიით, მედიათეკით. მთლიანობაში, ეს არის საშუალება, მომავალ თაობებს წარვუდგინოთ ჩვენი ქვეყნის ძალიან მდიდარი წარსული, როგორც ბუნების, ისე კულტურის ისტორია. ძალიან იშვიათად არის იმის შესაძლებლობა, რომ ერთ ადგილზე ასე სრულყოფილად მოყვე საკუთარი ქვეყნის ისტორია, დაწყებული ძალიან ადრეული ეპოქებით, უძველესი მეტალით და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქრისტიანობის მოყოლით“, – აცხადებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.