ბოლნისის სოფელ მუშევანში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გამოკითხვაზე იმყოფება
ბოლნისის სოფელ მუშევანში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გამოკითხვაზე იმყოფება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის სოფლის რწმუნებულის, რობიზონ სელიმაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

პოლიციასთან იმყოფება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტომანქანაც. გამოკითხვაზე ცენტრის თანამშრომლებიც იმყოფებიან.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სოფელ მუშევანში დღეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა, რომელსაც რამდენიმე პირი, რომელთაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში უნდა გადაეყვანა. ნათესავებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ოფიციალური მონაცემებით, სოფელ მუშევანში დღეს კორონავირუსის ათი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მანამდე სოფელში კიდევ რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა იყო, რის გამოც, სოფელში ზომები გამკაცრდა და დამატებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო.

სოფელ მუშევანთან დაკავშირებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ საკითხს სწავლობენ და მოგვიანებით გაავრცელებენ განცხადებას.