ბოლნისის სოფელ გეტაში მცხოვრებ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლნისის სოფელ გეტაში მცხოვრებ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დღეს ღამით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით პირს, რომელიც სოფელ გეტადან არის კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს პირი ორი დღის წინ მის ინფიცირებულ ახლობელთან ერთად გადაიყვანეს კლინიკაში და სწორედ კლინიკაში მოხდა მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება.

ამ დროისთვის სოფელ გეტას კლასტერთან 18 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ სოფელში 15 მაისიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

ეპიდემიოლოგები აგრძელებენ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების კვლევას და დღეს ლაბორატორიაში გამოსაკვლევად ხუთი პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა.

ხვალ დაგეგმილია სოფელ მუშევანში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების კვლევა კორონავირუსზე.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 150 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 59-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. გარდაიცვალა სამი პაციენტი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 85, ხოლო კარანტინში 69 პირი.