ბოლნისის მერი – მზად ვართ, დავემორჩილოთ წესებს, რასაც კარანტინი ითვალისწინებს
ამჟამად მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სიმშვიდეა, მოსახლეობა ინფორმირებულია იმ შეზღუდვების შესახებ, რაც კარანტინის გამოცხადებას ახლავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა განუცხადა.
როგორც დავით შერაზადიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობა არსებულ ვითარებასცგაგებით მოეკიდა.
„მუნიციპალიტეტის მერიის თითოეული თანამშრომელი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. საკვების პრობლემა არ არის. ცენტრალური მთავრობა უზრუნველყოფს საკვებისა და მედიკამენტების მოწოდებას. ამჟამად ოჯახის ექიმები სპეციალურ ჯგუფებთან ერთად ახდენენ მოსახლეობის სამედიცინო შემოწმებას და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმეს აღმოაჩნდება გარკვეული სიმპტომი, მოქალაქე გადაყვანილი იქნება მარნეულის ჰოსპიტალში, ხოლო სხვებისთვის იქნება მკაცრი შეზღუდვები. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კარგ შედეგამდე მიგვიყვანს. მთავარია, საკარანტინო ნორმები, რომელიც მთავრობამ დააწესა იყოს მაქსიმალურად შესრულებული“, – განაცხადა ბოლნისის მერმა.
მისივე თქმით, მოსახლეობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შეგუებული იყო არსებულ სიტუაციას.
„ახლა შეზღუდვები უფრო მკაცრია, ვიდრე იყო მანამდე, მაგრამ ეს არის ერთადერთი მეთოდი ვირუსთან ბრძოლის. ყველანი მზად ვართ, დავემორჩილოთ იმ წესებს, რასაც კარანტინი ითვალისწინებს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი ვერ გავა მუნიციპალიტეტის გარეთ, შესაბამისად გარედანაც ვერ შემოვა სხვა“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.