ბოლივიის პრეზიდენტმა ოპონენტები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა
ბოლივიის პრეზიდენტმა ოპონენტები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა

ბოლივიის პრეზიდენტმა მოწინააღმდეგეები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ევო მორალესმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ძმებო და დებო, ჩვენი დემოკრატია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად სერიოზული საფრთხის წინაშე იმყოფება. გადატრიალების მცდელობა იმ ჯგუფების მიერ არის ორგანიზებული, რომლებიც ძალადობენ და კონსტიტუციურ წესრიგს არღვევენ. მშვიდობიანი საზოგადოების წინაშე ჩვენ ვგმობთ ამ თავდასხმას“, – დაწერა ბოლივიის პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, ლათინური ამერიკის ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების ფონზე სამ ქალაქში პოლიცია აქტივისტების მხარეს გადავიდა. მათ შორის არის კოჩაბამბა და ლა-პასი. ამ უკანასკნელში კი ხელისუფლების რეზიდენცია მდებარეობს. სამ ქალაქში ათობით სამართალდამცველმა მხარდაჭერის ნიშნად აქტივისტებს ხელი ჩამოართვა და დემონსტრაციას შეუერთდა.

ბოლივიაში დემონსტრაციები უკვე სამი კვირაა, მიმდინარეობს. ლათინური ამერიკის ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის საარჩევნო კომისიამ მორალესი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.