ბოლივიის ლიდერი ევო მორალესი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში  იმარჯვებს
ბოლივიის ლიდერი ევო მორალესი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს

ბოლივიის ლიდერი ევო მორალესი საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში მცირე უპირატესობით იგებს. ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო სასამართლოს ინფორმაციით, ევო მორალესს ხმების 46.86 პროცენტი აქვს, მის მთავარ კონკურენტს, კარლოს მესას კი 36.72 პროცენტი.

ამ დროისთვის ბოლივიაში ხმების 95 პროცენტზე მეტია დათვლილი. 10-პროცენტიანი უპირატესობა საკმარისია არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის. კარლოს მესა აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობას უკვე სამი ვადით იკავებდა და აღნიშნული შედეგების საბოლოოდ დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანას სათავეში უკვე მეოთხე ვადით ჩაუდგება.

ამასთან, ტარიხას რეგიონებში მოქალაქეებმა რამდენიმე საარჩევნო ოფისს ცეცხლი წაუკიდეს.