ბოლივიას დროებითი პრეზიდენტი ჰყავს
ბოლივიას დროებითი პრეზიდენტი ჰყავს

ბოლივიას დროებით პრეზიდენტი ჰყავს. ის ქვეყნის მეორე ვიცე-სპიკერი ჟანინ ანიესია. მან საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ დაასახელა, რაც საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა, ევო მორალესმა სამშობლო დატოვა და მექსიკაში გაემგზავრა.

ჟანინ ანიესი ე.წ. გარდამავალ პერიოდში დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას და არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ვადამდელი არჩევნები ბოლივიაში 90 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი 12 ნოემბერს მექსიკაში ჩავიდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი უკვე მიიღო. როგორც ექსპრეზიდენტი აცხადებს, მან ქვეყანა იძულებით დატოვა, რადგან ბოლივიაში მორალესის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

როგორც ცნობილია, მორალესის გადადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვეს მისმა მოკავშირეებმა. მათ შორის ვიცე-პრეზიდენტმა ალვარო გარსია-ლინერმა, ასევე საკანონმდებლო ორივე პალატის თავმჯდომარეებმა, რამდენიმე მინისტრმა და გუბერნატორებმა.