გიგა ბოკერია დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის პირობად ისევ ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს
გიგა ბოკერია დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის პირობად ისევ ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს

წნეხის ქვეშ „ოცნებამ“ უკან დაიხია, მაგრამ რა თქმა უნდა, არასაკმარისად, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მიერ დანიელსონის შემუშავებულ დოკუმენტზე ხელის მოწერას.

ბოკერია დოკუმენტზე ხელმოწერის პირობად ისევ ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს.

„პრეზიდენტ მიშელის წარმოდგენილი გეგმიდან სამ პუნქტზე რომ შეჯერდა პოზიციები, ეს გასაგებია, მაგრამ არის ორი პუნქტი, რაზეც ჯერ შეჯერებული არ არის. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ისინი არიან თავისუფლები,  პოლიტიკური დევნა შეწყდა. ამაზე საერთოდ არაფერი უთქვამს და ბუნდოვანი იყო თალაკვაძე. ასევე ვადამდელ არჩევნებზე, აქ მან დაუშვა პირველად შესაძლებლობა, რომ ვადამდელ არჩევნებზე შევთანხმდეთ, ოღონდ რაღაც გაუგებარი, ბუნდოვანი და არალოგიკური ტესტი ახსენა 40 პროცენტის აღების მმართველი პარტიის მიმართ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია, ან პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე უნდა შევთნხმდეთ, ან უნდა იყოს პლებისციტი, სადაც უმრავლესობა წყვეტს, იყოს თუ არა ვადამდელი არჩევნები და არა 40 პროცენტი, 60-ის წინააღმდეგ. ახლა ორ მთავარ პუნქტზე უნდა შევჯერდეთ და ბოლომდე გონს უნდა მოვიდეს ივანიშვილი და მისი გარემოცვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.

დატოვე კომენტარი