ბოიკო ბორისოვი - ბულგარეთსა და საქართველოს შორის ოპტიკური კაბელით კომუნიკაციის ფარგლებში, ახალი პროექტის დაწყებას ვაპირებთ
ბოიკო ბორისოვი - ბულგარეთსა და საქართველოს შორის ოპტიკური კაბელით კომუნიკაციის ფარგლებში, ახალი პროექტის დაწყებას ვაპირებთ

საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია შავი ზღვის იქითა სანაპიროზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა განაცხადა.

როგორც მან ქართველ კოლეგასთან შეხვდრის შემდეგ ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა, საქართველოს მიღწევები დამსახურებით უნდა შეფასდეს.

ბულგარეთის პრემიერის თქმით, საქართველო არის ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყნის კარიბჭე და მათთვის ევროპასთან ხიდის ფუნქციის მატარებელი.

„ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლის კუთხით მოკლევადიან პერიოდში წარმადობის გაზრდა, ადმინისტრაციული ბარიერების დაძლევა და ევროპაში ბალკანეთსა და კავკასიაში საქართველოს შორის გაზრდილი საზღვაო მიმოსვლა. ჩვენი ყურადღების ცენტრში ექცევა ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. ბულგარეთის ხელისუფლება ცდილობს, გაზარდოს ვარნასა და ბურგასის პორტების წარმადობა, გააძლიეროს ბულგარეთის ჩქაროსნული გზატკეცილები და საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ სახის პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან სურვილი მაქვს, უცხო ქვეყნის დელეგაციების სტუმრობის შედეგად ახალი კონკრეტული პროექტები განვახორციელოთ“, – განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.

მისი შეფასებით, საქართველოსთან ყოველთვის აქტუალური იყო საბორნე ტრანსპორტის მიმართულების განვითარება, მაგრამ ახლა პრაგმატული შედეგების მიღწევა გახდა შესაძლებელი.

„რაც შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას, ეს დამსახურების პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპის სატრანსპორტო ქსელის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის ციფრული კავშირ-ურთიერთობების დამყარებას, ბულგარეთსა და საქართველოს შორის ოპტიკური კაბელის გამოყენებით კომუნიკაციას. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაპირებთ ამ პროექტის დაწყებას და ახალი კაბელის ჩადებას შავი ზღვის აუზში. ამით კავკასიის მთელს რეგიონს შეეძლება, ევროპაში არსებული მაღალი სიჩქარის ინტერნეტითა და ციფრული ინფრასტრუქტურით სარგებლობა. საქართველოს შეუძლია, სრულად დაეყრდნოს ჩვენს დახმარებას ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ბულგარეთი თავისი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისად, მხარს დაუჭერს საქართველოს მიერ ამ აქტივის გამოყენებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

„ასევე დიდ შესაძლებლობებს ვხედავ საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალში. საქართველოს ჰიდრორესურსების ჭარბი რაოდენობა შეიძლება, საფუძვლად დაედოს ჩვენს მესამე ინოვაციურ პროექტს. ამგვარი პროექტის განხორციელება ამჟამად განიხილება ნორვეგიისა და გერმანიის მიერ. ჩვენ ვისაუბრეთ ამგვარი პროექტის დაფინანსების შესახებ და ვფიქრობ ვაჭრობის სფეროში ამჟამინდელმა 10-12-პროცენტიანმა ზრდამ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად იმატოს ასეთი გააქტიურებული კავშირ-ურთიერთობებით.

და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ბულგარეთსა და საქართველოს აერთიანებს – ორივე ერი მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ“, – განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყოფილი მორაგბეა და ამდენად, დღევანდელ შეხვედრაზე სპორტზეც ისაუბრეს.

ბულგარეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, რომ დღეს განხილული პროექტების თაობაზე შეთანხმებებს მოეწეროს ხელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბულგარეთს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.