განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ქართველ ბოდიბილდერებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე მაცაბერიძე, გენერალური მდივანი გიორგი ოქრიაშვილი და საქართველოს ნაკრების წევრები. შეხვედრაზე ისაუბრეს 2018 წელს ბოდიბილდერების მიერ მიღწეულ წარმატებებსა და მომავალ გეგმებზე.
წლევანდელი წელი გამორჩეული იყო ქართული ბოდიბილდინგისთვის. რომში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თამაზ ბოჭორიშვილმა კლასიკური ბოდიბილდინგის კატეგორიაში ჯერ თავის წონაში იმარჯვა, ხოლო შემდეგ აბსოლუტური კატეგორია მოიგო და პრო ქარდს დაეუფლა, რაც ისტორიული შედეგია. წელს, თამაზ ბოჭორიშვილი შავი ზღვის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
იმავე ტურნირზე კლასიკ ფიზიკის კატეგორიაში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა ლაშა ილურიძემ ხოლო ტატო ჯოგლიძემ იასპარეზა ორ კატეგორიაში, აქედან კლასიკური ბოდიბილდინგის კატეგორიაში გახდა ტურნირის ფინალისტი, ხოლო კლასიკ ფიზიკის კატეგორიაში მოიპოვა მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი.
მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს დიმიტრი ბაზერაშვილმა და გიორგი ღამბაშიძემ, რომლებმაც შესაბამისად მეათე და მეთორმეტე ადგილები დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე 95 ქვეყანა მონაწილეობდა.
ფინეთის ქალაქ ლახტში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის საერთაშორისო ფედერაციის IFBB-ს ეგიდით გამართულ სკანდინავიის თასის საერთაშორისო ტურნირზე ლევან გობეჯიშვილი და ნუცა ზურაბიშვილი გახდნენ ტურნირის ფინალისტები.
2018 წელი საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის და ეს არის სახელმწიფო ხელშეწყობისა და ფედერაციის სწორი განვითარების შესაბამისი შედეგი. სახელმწიფო ხელშეწყობა 2019 წლისთვის იქნება უფრო მზარდი და შესაბამისად ქართველი სპორტსმენების შედეგებიც უფრო შთამბეჭდავი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური