ბოდბისხევის ბაზართან ალეკო ელისაშვილს „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს დეპუტატები დაუპირისპირდნენ
ბოდბისხევის ბაზართან ალეკო ელისაშვილს „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს დეპუტატები დაუპირისპირდნენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბოდბისხევის ბაზართან სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ელისაშვილს კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების“ ჩატარების საშუალება არ მისცეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს მოძრაობის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო გოგოლაშვილმა განუცხადა, მას საკრებულოს დეპუტატმა, ილია ბაიფიშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ იგი დააკავა.

„არ გვაძლევდნენ მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას. ახლა პოლიცია გვიცავს და შეხვედრას ვატარებთ, ინციდენტი ამოიწურა და ვფიქრობთ, ხალხთან შეხვედრის ჩატარებასა და საუბარში ხელი აღარ შეგვეშლება“, – განაცხადა გოგოლაშვილმა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ინციდენტისას ერთი პირი შემთხვევის ადგილს განარიდეს.