ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა
ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცია, ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია ბოქსირებულ განყოფილებაში, იზოლირებულად გაუკეთდა.

„გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მესამე კვირაა, კლინიკაში მკურნალობდა, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, კონკრეტულად, ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია. ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები და ორი დღის განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მოგეხსენებათ, ორმხრივი პნევმონია, პერსონალის საკმაოდ ახლოს შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან -ეს სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა ინფიცირებული პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კლინიკას სამი ახალი პაციენტი ჰყავს.

„ახალი პაციენტი გვყავს სამი, მათი ოჯახის წევრები ასევე ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ. ამ დროისთვის სულ კოვიდინფიცირებული 61 პაციენტი გვყავს და მათგან საყურადღებოა 13-ის მდგომარეობა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.