„ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სტივ უიტკოფი იური უშაკოვს რჩევას აძლევს, როგორ შეეძლო რუსეთს ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმებაზე“ წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, იური უშაკოვს სატელეფონო საუბრისას რჩევა მისცა, როგორ შეძლებდა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპისთვის წარედგინა „სამშვიდობო შეთანხმებაზე“ საკუთარი წინადადებები, – ამის შესახებ ინფორმაციასა და ჩანაწერს „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უიტკოფსა და უშაკოვს შორის სატელეფონო საუბარი 14 ოქტომბერს შედგა და ხუთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა.
მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს სტივ უიტკოფმა იური უშაკოვს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პატივს სცემს და დონალდ ტრამპს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის სურვილი ყოველთვის ჰქონდა.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტიც ახსენა და შესთავაზა, ტრამპსა და პუტინს ამ ვიზიტამდე ესაუბრათ.
„ზელენსკი პარასკევს თეთრ სახლში ჩამოდის. ამ შეხვედრას დავესწრები, რადგან ჩემი იქ ყოფნა სურთ, მაგრამ ვფიქრობ, თუ შესაძლებელია, ამ შეხვედრამდე თქვენს უფროსს უნდა ვესაუბროთ“, – ციტირებს „ბლუმბერგი“ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სიტყვებს.
მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა სტივ უიტკოფს ჰკითხა, „სასარგებლო“ იქნებოდა თუ არა ვლადიმერ პუტინისთვის დონალდ ტრამპთან დარეკვა. უიტკოფისგან პასუხად კი მიიღო, რომ ასე იქნებოდა.
ამასთან, უიტკოფმა უშაკოვს უთხრა, რომ საუბრისას პუტინმა ტრამპს ღაზაში „სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევა მიულოცოს, უთხრას, რომ რუსეთი მას მხარს უჭერდა და, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, როგორც „მშვიდობისმყოფელს“ პატივს სცემს.
„მაშინ ეს ნამდვილად კარგი ზარი იქნებოდა“, – თქვა უიტკოფმა.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, უიტკოფმა და უშაკოვმა სატელეფონო საუბრის დროს რუსეთ-უკრაინას შორის „სამშვიდობო შეთანხმების“ პოტენციური პირობებიც განიხილეს, რომლებიც, მედიის ინფორმაციით, მოგვიანებით აისახა კრემლის პირდაპირი მონაწილეობით მომზადებულ 28-პუნქტიან გეგმაში.
მედიის ცნობით, გეგმის შესახებ კიევი და ევროპელი მოკავშირეები ინფორმირებული არ ყოფილან.
„ვიცი, რა არის საჭირო „სამშვიდობო შეთანხმების“ მისაღწევად. დონეცკი და, შესაძლოა, დანარჩენი ტერიტორიების გაცვლა. მაგრამ, მე ვამბობ, რომ ასეთი საუბრების ნაცვლად, მოდით, იმედით ვისაუბროთ, რადგან ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. პრეზიდენტი ტრამპი მომცემს დიდ თავისუფლებას და უფლებამოსილებას შეთანხმების მისაღწევად“, – ციტირებს მედია უიტკოფის სიტყვებს.
ამასთან, „ბლუმბერგi“ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვისა და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც 29 ოქტომბრით თარიღდება.
მედიის ინფორმაციით, საუბრის დროს უშაკოვი და დმიტრიევი განიხილავდნენ, თუ როგორ უნდა მიეწოდებინათ თავიანთი „სამშვიდობო გეგმის“ პროექტი დონალდ ტრამპის გუნდისთვის, რათა ამერიკულ მხარეს ეს იდეები საკუთარი ინიციატივის სახით წარედგინა. საუბარში რუსეთის ოფიციალური პირები დოკუმენტის აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისთვის გადაცემას განიხილავდნენ. მათი გეგმის თანახმად, უიტკოფს რუსეთის მიერ მომზადებული გეგმა უნდა მიეღო და საკუთარ გეგმად წარედგინა.
„ვფიქრობ, ამ დოკუმენტს ჩვენი პოზიციის შესაბამისად შევადგენთ და მე არაფორმალურად განვაცხადებ, რომ ეს ყველაფერი არაფორმალურია. მათ კი ისე გააკეთონ, თითქოს მათი იყო. ვფიქრობ, ჩვენს ვერსიას ზუსტად არ მიიღებენ, მაგრამ, სულ მცირე, მასთან მაქსიმალურად მიაახლოვებენ“, – ციტირებს „ბლუმბერგი” კირილ დმიტრიევის სიტყვებს.
მედიის ინფორმაციით, საპასუხოდ იური უშაკოვმა შეშფოთება გამოთქვა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, პროექტი შეცვალოს და შემდეგ განაცხადოს, რომ დოკუმენტი რუსულ მხარესთან შეთანხმებულია. დმიტრიევმა კი უშაკოვი დაარწმუნა, რომ უიტკოფს ფორმულირების „სიტყვა სიტყვით“ შენარჩუნებას სთხოვდა და ყველაფერი „ფრთხილად“ გაკეთდებოდა.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი ასევე აღნიშნავდა, რომ მოგვიანებით დოკუმენტს პირადად აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან განიხილავდა.