„ბლუმბერგის“ სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა მხარდაჭერის მხრივ დონალდ ტრამპი შვიდ მერყევ შტატში ჯო ბაიდენს უსწრებს
„ბლუმბერგის“ სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა მხარდაჭერის მხრივ დონალდ ტრამპი შვიდ მერყევ შტატში ჯო ბაიდენს უსწრებს

„ბლუმბერგის“ სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპი შვიდ მერყევ შტატში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უსწრებს.

როგორც „ჰილი“ წერს, გამოკითხვის თანახმად, ტრამპი ლიდერობს ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატებში, როგორებიცაა არიზონა, ჯორჯია, პენსილვანია, მიჩიგანი, ჩრდილოეთ კაროლინა, ნევადა და ვისკონსინი.

გამოცემის ცნობით, შვიდივე შტატში ამომრჩეველთა 48% ამბობს, რომ არჩევნებში მხარს ტრამპს დაუჭერდა, ხოლო ბაიდენს 43% ასახელებს. ყველაზე დიდი სხვაობა ბაიდენსა და ტრამპს შორის ჩრდილოეთ კაროლინაშია, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის მოქმედ ლიდერს 9%-ით უსწრებს.

ამასთან, როგორც „ჰილი“ წერს, ჩრდილოეთ კაროლინა ერთადერთი შტატია, სადაც ტრამპს მხარდაჭერა გამოკითხულთა 50%-მა გამოუცხადა. სხვა მერყევ შტატებში არცერთ კანდიდატს 50%-იანი მხარდაჭერა არ აქვს.

გამოცემის ცნობით, გამოკითხვაში მონაწილე პირები ყველაზე მეტად შეშფოთებას გამოხატავენ ჯო ბაიდენის ასაკთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, კვლევის მონაწილეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ტრამპი სახიფათოა“.

„ბლუმბერგის“ კვლევა 12-20 თებერვალს ჩატარდა და მასში 4 955 რეგისტრირებული ამომრჩეველი მონაწილეობდა. ცდომილების ზღვარი შვიდივე შტატში ერთად 1%-ს შეადგენს.