„ბლუმბერგის“ ცნობით, ჯოზეფ ბორელი 10 ივლისს ჩინეთში ჩავა
„ბლუმბერგის“ ცნობით, ჯოზეფ ბორელი 10 ივლისს ჩინეთში ჩავა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი 10 ივლისს ჩინეთში ჩავა. როგორც „ბლუმბერგი“ იუწყება, ამის შესახებ ჩინეთში ევროკავშირის ელჩმა, ხორხე ტოლედომ განაცხადა.

„ჩვენ გვსურს ჩინეთთან ყველა იმ საკითხზე ურთიერთქმედება, სადაც ვთანამშრომლობთ ან კონკურენციას ვუწევთ ერთმანეთს“, – განაცხადა ტოლედომ.

ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბრიუსელი გააგრძელებს ჩინეთთან „სტრატეგიული საკითხების“ წამოჭრას, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და რუსეთ-უკრაინის ომზე.

ტოლედოს განცხადებით, მხარეები ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე დიალოგს, სავარაუდოდ, სექტემბერში გააგრძელებენ და შესაძლოა, წლის ბოლოს ლიდერთა სამიტი გამართონ.