„ბლუმბერგი“ - ვაშინგტონი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მზად არის, ანექსირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს
„ბლუმბერგი“ - ვაშინგტონი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მზად არის, ანექსირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს

ვაშინგტონი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მზად არის, ანექსირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წყაროზე დაყრდნობით წერს. თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს პოტენციური დათმობა მიანიშნებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილზე, მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ტრამპმაც და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომაც ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნეს, რომ თუ მოსკოვი და კიევი პროგრესს არ აჩვენებენ, ამერიკამ, შესაძლოა, საერთოდ უარი თქვას ომის დასრულების მცდელობაზე.

თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი „ბლუმბერგის“ სტატიასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ამასთან, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის გეგმები უკრაინასთან შემდგომ განხილვას საჭიროებს და ევროპელი მოკავშირეები არ არიან მზად, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად აღიარონ.

ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, თუ რუსეთი ბრძოლის დასრულებას არ დათანხმდება.

მანამდე „ბლუმბერგი“ წერდა, რომ ხუთშაბათს პარიზში აშშ-მა მოკავშირეებს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წინადადებები წარუდგინა, რომლებიც ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებასა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმას ითვალისწინებს.