„ბლუმბერგი“ – უნგრეთი ვაშინგტონს რუსული ნავთობის შესყიდვების გამო სანქციებზე გამონაკლისის დაშვებას სთხოვს

20:35, 21.09.2026

უნგრეთი ვაშინგტონს რუსული ნავთობის შესყიდვების გამო სანქციებზე გამონაკლისის დაშვებას სთხოვს, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.

უნგრეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მან ამერიკელ კანონმდებლებს მიმართა თხოვნით, რომ გარდამავალ პერიოდში უნგრეთი რუსული ენერგორესურსების შესყიდვებთან დაკავშირებული ამერიკული სანქციებისგან გათავისუფლდეს.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ხელისუფლება რუსულ ენერგორესურსებზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებასა და ნავთობის იმპორტის დივერსიფიცირებას გეგმავს. თუმცა, ამ ეტაპზე უნგრეთის ენერგეტიკული სისტემა კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნისთვის მოქმედი სანქციებისგან გამონაკლისი 21 ნოემბერს იწურება. ამასთან, გამონაკლისის ვადის ამოწურვა ავტომატურად არ ნიშნავს უნგრეთისთვის სანქციებთან დაკავშირებული ზომების დაწესებას – ამისთვის აშშ-ის მხრიდან ცალკე გადაწყვეტილება იქნება საჭირო.

ამასთან, უნგრეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შემცირების მიზნით ალტერნატიული გზების მოძიებასაც აგრძელებს და ერთ-ერთ ვარიანტად ხორვატიის გავლით ნავთობის მიწოდებას განიხილავს. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის კონგრესმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსული ნავთობპროდუქტების მყიდველი ქვეყნებისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების უფლებამოსილება მისცა. ტრამპმა აღნიშნულ კანონმდებლობას 18 სექტემბერს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც ის კანონად იქცა.

მსგავსი