„ბლუმბერგი“ - უკრაინული ავიალაინერი თეირანში „ტორ ემ1“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ორი რაკეტით ჩამოაგდეს
უკრაინული ავიალაინერი თეირანში „ტორ ემ1“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ორი რაკეტით ჩამოაგდეს, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ტრაგედიასთან დაკავშირებულ მეორე წინასწარ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ „ბოინგ 737“-ს მოკლე მანძილზე მოქმედი „მიწა-ჰაერის“ ტიპის ორი რაკეტა მოხვდა.
რაკეტები უკრაინული ავიალაინერის მიმართულებით ჩრდილოეთის მიმართულებიდან გაუშვეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავმა ირანის დედაქალაქთან კატასტროფა 8 იანვარს განიცადა. 11 იანვარს, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა აღიარა, რომ თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო. ირანში ამბობენ, რომ სისტემამ თვითმფრინავი საკრუიზო რაკეტად აღიქვა. ფატალურ ინციდენტს 176 ადამიანი ემსხვერპლა.