„ბლუმბერგი“ - თურქეთმა მომდევნო ექვს თვეში, შესაძლოა, სომხეთთან სახმელეთო საზღვარი გახსნას
თურქეთმა მომდევნო ექვს თვეში, შესაძლოა, სომხეთთან სახმელეთო საზღვარი გახსნას. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, თურქეთის ხელისუფლება განიხილავს სომხეთთან სახმელეთო საზღვრის მომდევნო 6 თვეში გახსნის შესაძლებლობას, რაც, ბლუმბერგის მიხედვით, ხელს შეუწყობს კავკასიაში ვაჭრობის აღდგენას.
ცნობისთვის, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს, 1993 წელს დახურა.
„ბლუმბერგის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური წინსვლა აზერბაიჯანთან ურთიერთობებში და თურქეთთან საზღვრის გახსნა სომხეთში ივნისში დაგეგმილი არჩევნების წინ მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს.
„ფაშინიანი თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეეძლება, ითანამშრომლოს ფაშინიანთან და გააფორმოს ოფიციალური სამშვიდობო შეთანხმება. ამის შესახებ აცხადებენ ადამიანები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესს იცნობენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება თურქეთს, დანიშნოს ელჩი სომხეთში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის“, – წერს „ბლუმბერგი“.
მედიის ცნობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება ხელს შეუწყობს რეგიონის სტაბილიზაციას. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, რეგიონი სატრანსპორტო კვანძია ენერგეტიკული მილსადენებისთვის, რომელთა საშუალებითაც კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან ნავთობი და ბუნებრივი აირი, რუსეთის გვერდის ავლით, ევროპას მიეწოდება.