„ბლუმბერგი“ - თურქეთმა მიმდინარე კვირაში, სირიის ჩრდილოეთში დამატებით რამდენიმე ასეული სამხედრო გაგზავნა
„ბლუმბერგი“ - თურქეთმა მიმდინარე კვირაში, სირიის ჩრდილოეთში დამატებით რამდენიმე ასეული სამხედრო გაგზავნა

თურქეთმა მიმდინარე კვირაში, სირიის ჩრდილოეთში დამატებით რამდენიმე ასეული სამხედრო გაგზავნა და შესაძლოა, აშშ-გან მხარდაჭერილ ქურთებს თავს დაესხას. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს ნაბიჯი შეიძლება, დაეხმაროს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომ გააძლიეროს საშინაო მხარდაჭერა და ზეწოლა მოახდინოს აშშ-სა და რუსეთზე ქურთული სამხედრო ჯგუფების შეკავების მიზნით.

მიმდინარე თვის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქურთული „სახალხო დაცვის შენაერთის“ მხრიდან განხორციელებული თავდასხმების და ტერორისტული საფრთხის გამო, თურქეთი ახალ სამხედრო კამპანიას გეგმავს. თურქეთის არმიის პოტენციურ სამიზნედ სირიაში ქალაქ კობანის სამხრეთი და ქალაქ აზაზის მახლობლად მდებარე მენაღის ავიაბაზა სახელდება.