„ბლუმბერგი“ - თურქეთი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მისგან მიუკერძოებლობის გარანტიას ითხოვს
„ბლუმბერგი“ - თურქეთი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მისგან მიუკერძოებლობის გარანტიას ითხოვს

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის თურქეთი მისგან მიუკერძოებლობის გარანტიას ითხოვს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ანკარას სურს დარწმუნდეს, რომ რუტე ან ნატო-ს სხვა მომავალი გენერალური მდივანი არ იქნება მიკერძოებული ალიანსის ევროპელი წევრების მიმართ და არ „აუბამს მხარს“ საბერძნეთსა და კვიპროსს, რომლებთანაც თურქეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ამასთან, „ბლუმბერგი“ წერს, რომ ანკარა ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად რუტეს დანიშვნას დადებითად უყურებს.

როგორც გამოცემა იუწყება, თურქეთს სურს, რომ მომავალმა გენერალურმა მდივანმა ანკარას საშუალება მისცეს, შეუერთდეს ნატო-ს პარტნიორობის პროგრამებს და გარანტიას, რომ თურქეთში არ იქნება შეზღუდვები თავდაცვის პროდუქტების ექსპორტზე.

ნატო-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვადა ოქტომბერში ეწურება და გადაწყვეტილება, ვინ იქნება მომდევნო გენერალური მდივანი, ალიანსის ყველა წევრმა ერთხმად უნდა მიიღოს. „ბლუმბერგი“ წერს, რომ ქვეყნები ყველაზე მეტად მხარს მარკ რუტეს უჭერენ. რუტეს გარდა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის მიმართ ინტერესი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრისიანის კარინსმა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა გამოხატეს.