„ბლუმბერგი“ - თურქეთი „დიდი ოცეულის“ წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, კომპრომისზე წავიდნენ რუსეთის ფედერაციასთან „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით
„ბლუმბერგი“ - თურქეთი „დიდი ოცეულის“ წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, კომპრომისზე წავიდნენ რუსეთის ფედერაციასთან „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით

თურქეთი „დიდი ოცეულის“ წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, კომპრომისზე წავიდნენ რუსეთის ფედერაციასთან „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს ლიდერებს, დააკმაყოფილონ რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის მიზნით.

გამოცემა სამ თურქ ოფიციალურ პირს ციტირებს და აღნიშნავს, რომ თურქეთი სთხოვს მსოფლიო ლიდერებს, ხელი შეუწყონ ლონდონის Lloyd’s Bank-ის მიერ რუსული საკვებისა და სასუქების ექსპორტის დაზღვევას და მოსკოვის ხელახლა დაკავშირებას SWIFT-ის სისტემასთან საერთაშორისო გადახდებისთვის.

გამოცემა წერს, რომ „დიდი ოცეულის“ წევრები ისაუბრებენ „მარცვლეულის შეთანხმების“ მნიშვნელობაზე განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით, აფრიკაში მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

გარდა ამისა, მათი მოწოდება იქნება, „რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან მარცვლეულის, საკვებისა და სასუქების/რესურსების დაუყოვნებელი და შეუფერხებელი მიწოდება“.

თურქი ოფიციალური პირების განცხადებით, თურქეთი თავის პარტნიორებს ეუბნება, რომ შეთანხმების აღდგენის გზა არის გარკვეული სანქციების შემსუბუქება, რომლებიც მოსკოვის თქმით, ხელს უშლის მას ფერმერული აღჭურვილობის შემოტანაში, როგორიცაა ტრაქტორები ან ტრაქტორის ნაწილები.

ამასთან ერთად, წყაროების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთის ძალისხმევა გავლენას მოახდენს უკრაინის მოკავშირეებზე, აშშ-სა და ევროპაზე, ერდოღანის მიერ რუსეთის მოთხოვნების მიღება კი ხაზს უსვამს იმ გამოწვევებს, რომლებსაც თურქეთი აწყდება მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.