„ბლუმბერგი“ - თურქეთი აშშ-ისგან „გაზპრომბანკის“ სანქციებისგან გათავისუფლებას ითხოვს, რათა რუსული გაზის საფასურის გადახდა შეძლოს
„ბლუმბერგი“ - თურქეთი აშშ-ისგან „გაზპრომბანკის“ სანქციებისგან გათავისუფლებას ითხოვს, რათა რუსული გაზის საფასურის გადახდა შეძლოს

თურქეთი აშშ-თან მოლაპარაკებას მართავს, რომ ანკარა „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან იყოს თავისუფალი და რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის საფასურის გადახდა შეძლოს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-თან იმ სანქციებიდან გათავისუფლებისთვის, რაც მას საშუალებას მისცემს, გააგრძელოს „გაზპრომბანკის“ მომსახურებით სარგებლობა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის გადასახდელად.

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალპარსლან ბაირაქთარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამონაკლისის გარეშე თურქეთი ვერ შეძლებს, რუსეთისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გადახდას.

„თუ ჩვენ ვერ გადავიხდით, ვერ შევიძენთ საქონელს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ალპარსლან ბაირაქთარმა სანქციებთან დაკავშირებით ირანთან დაკავშირებული გამონაკლისები გაიხსენა.

„თუ გამონაკლისი არ იქნება, ეს შეიძლება იყოს რაღაც ძალიან სერიოზული თურქეთისთვის“, – თქვა ბაირაქთარმა.

მარეგულირებლების მონაცემებით, რუსეთი თურქეთში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელია. გასულ წელს რუსეთმა თურქეთში გაზის იმპორტის 42 პროცენტი უზრუნველყო.

მანამდე უნგრეთმა, რომელიც რუსული აირის კიდევ ერთი მსხვილი იმპორტიორია, „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები გააკრიტიკა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიარტომ „ბლუმბერგს“ განუცხადა, რომ რეგიონის ქვეყნები რუსული აირის მიღების გზის პოვნას გააგრძელებენ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 21 ნოემბერს სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში „გაზპრომბანკი“ შავ სიაში შეიყვანა.