„ბლუმბერგი“ - ტრამპმა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინს კვლავ სურს, კიევმა დათმოს კონტროლი ლუგანსკისა და დონეცკის მთელ ოლქებზე 
„ბლუმბერგი“ - ტრამპმა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინს კვლავ სურს, კიევმა დათმოს კონტროლი ლუგანსკისა და დონეცკის მთელ ოლქებზე 

პუტინს კვლავ სურს, რომ კიევმა დათმოს კონტროლი ლუგანსკისა და დონეცკის მთელ ოლქებზე, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, იტყობინება „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

უკრაინის პრეზიდენტი და ევროპელი ლიდერები ტრამპს იმ დროს ესაუბრნენ, როდესაც ის ალასკიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე ომის დასრულების გზა მიღწეული არ იყო, დონალდ ტრამპმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა და მიანიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდებს.

„ბლუმბერგის“ წყაროს ცნობით, როგორც სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა თქვა, მართალია, უკრაინის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს თავის ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა პუტინის პოზიცია არ შეცვლილა – მას კვლავ სურს, კიევმა დათმოს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე მთელი დონბასის რეგიონის კონტროლი.

ამასთან, „ბლუმბერგის“ წყაროები აღნიშნავენ, რომ რუსეთი შეწყვეტს პრეტენზიებს ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების იმ ნაწილებზე, რომლებსაც ამჟამად არ აკონტროლებს, რითიც გაყინავს ფრონტის ხაზს აღნიშნულ რეგიონებში.

ზელენსკიმ არაერთხელ გამორიცხა ტერიტორიების დათმობის შესაძლებლობა.

„ბლუმბერგთან“ ანონიმურობის პირობით საუბრისას წყაროები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსანი შეშფოთებულია, რომ ტრამპი ზეწოლას განახორციელებს ზელენსკიზე ტერიტორიული დათმობებისთვის შეთანხმების მისაღწევად.