„ბლუმბერგი“ შვეიცარიელი ბანკირის თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს. სტატიის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკირის თაღლითობის მთავარი მსხვერპლია.
როგორც სტატიაში აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „კრედიტ სუისის“ თაღლითი მარტო ვერ იმოქმედებდა.
„კრედიტ სუის ჯგუფის“ ყოფილი ბანკირი არ იყო მარტოხელა მგელი, როგორც იგი კომპანიამ თაღლითობისთვის გასამართლებისას დაახასიათა“, – განაცხადა მისმა ძირითადმა მსხვერპლმა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ პორტფელის ყალბი ამონაწერებით აღჭურვილი პატრის ლესკადრონი და მისი სულ მცირე, ორი კოლეგა არაერთხელ ესტუმრნენ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქალაქგარე ვილას.
როგორც გამოცემა წერს, ივანიშვილის კომენტარი ეწინააღმდეგება ბანკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ლესკადრონი მარტო მოქმედებდა, ხოლო მისი კოლეგები საქმის კურსში არ იმყოფებოდნენ.
„რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩემთან მოდიოდა სამი ადამიანი, მოჰქონდათ ბალანსის ყალბი ამონაწერები. შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი ერთ ადამიანს გაეკეთებინა. თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ ეს ბანკი არ არის“, – ამბობს ივანიშვილი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „კრედიტ სუისი“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე მდიდარი კლიენტებისთვის დაახლოებით 760 მილიარდ დოლარს მართავს, აცხადებდა, რომ ლესკადრონი იყო „მარტოხელა მგელი, რომელმაც მოატყუა არა მხოლოდ თავისი კლიენტები, არამედ კოლეგებიც“, ხოლო მისი სქემა, რომელიც 2015 წელს, მის აღიარებით ჩვენებასთან ერთად დასრულდა, ემსახურებოდა სავაჭრო დანაკარგების ინვესტორებისგან მიღებული ფულის მეშვეობით დამალვას. ლესკადრონის ყოფილი უფროსის მიერ 2018 წლის სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენების თანახმად, მას წარმოდგენა არ ჰქონდა საკუთარი მოადგილის ტყუილის შესახებ.
სტატიის მიხედვით, სასამართლოს განაჩენის სხვადასხვა ასპექტები გასაჩივრების პროცესშია. ივანიშვილს არ სჯერა, რომ „კრედიტ სუისის“ ოდესღაც მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკირი კოლეგებისგან ასეთი ტყუილის დამალვას რვა წლის განმავლობაში ახერხებდა. ივანიშვილი უჩივის ბანკს იმ 140 მილიონი დოლარის დარჩენილი ნაწილის უზრუნველსაყოფად, რომელიც, მისი თქმით, ლესკადრონის გამო დაკარგა, ჟენევის ერთ-ერთმა სასამართლომ კი მას ზარალის ასანაზღაურებლად მიაკუთვნა. მისი წარმომადგენლის თანახმად, ივანიშვილს 100 მილიონ დოლარზე მეტი ეკუთვნის.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ბანკის ერთ-ერთმა სპიკერმა ივანიშვილის მიერ ნახსენებ ვიზიტებთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა. ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ჟენევის სისხლის სამართლის სასამართლოს დასკვნით, ლესკადრონი მაქინაციებს კოლეგებისგან მალავდა და მარტო მოქმედებდა. გარდა ამისა, სასამართლომ „კრედიტ სუისი“ „დაზარალებულ მხარედ“ ცნო. „თანამშრომლების არასათანადო ქმედებებზე „კრედიტ სუისს“ ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომა აქვს“, – განაცხადა ბანკმა.
სტატიის მიხედვით, ლესკადრონმა თქვა, რომ არ აპირებდა კლიენტების მოტყუებას, არამედ პანიკურ მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დანაკარგი განიცადა. ამის გამო, მან დაიწყო სავაჭრო ორდერების გაყალბება, რათა ივანიშვილის ანგარიშებიდან აღებული ფულადი სახსრების მეშვეობით ფუჭი ფსონები დაეფარა.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2018 წელს, ლესკადრონი დამნაშავედ ცნეს იმ სქემის ორგანიზებისთვის, რომელმაც 143 მილიონი შვეიცარული ფრანკის (144 მილიონი აშშ დოლარი) ზიანი გამოიწვია. ასევე დადგინდა, რომ სიცრუის შედეგად მან 30 მილიონი ფრანკის მოპოვება შეძლო. ბანკის სხვა კლიენტები, რომლებმაც სასამართლოზე ჩვენება მისცეს, ასევე დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ლესკადრონი ვერ მოახერხებდა ამდენი ხნის განმავლობაში თაღლითობას კოლეგების დახმარების ან თუნდაც, ბანკის ინფორმირებულობის გარეშე.
„არის დრო, როცა უნდა ვეძებდეთ დამნაშავეებს და განვიხილავდეთ თეორიებს შეთქმულების შესახებ და არის დრო, როცა უნდა ვიღებდეთ კანონიერ გადაწყვეტილებებს და ამჟამად, ამ უკანასკნელის დროა“, – თქვა ლესკადრონის ადვოკატმა, სიმონ ნტამ.
ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ ვერ იხსენებს, კონკრეტულად რომელ წლებში შედგა ლესკადრონის ვიზიტები საქართველოში. გამოძიებასთან დაახლოებული პირის ინფორმაციით კი, ვიზიტი 2015 წლის ივნისში, აღიარებით ჩვენებამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა, რა დროსაც, მას სამი კოლეგა ბანკირი ახლდა. თუმცა, იმავე წყაროს მიხედვით, კოლეგები ადგილზე იმისთვის იმყოფებოდნენ, რომ ივანიშვილის მინდობილობითი ფონდების გადანაწილების საკითხი მის მეუღლესთან განეხილათ. ერთ-ერთი ბანკირის თქმით, მას არ უნახავს, რომ ლესკადრონს თავისი კლიენტისთვის რაიმე ამონაწერი გადაეცა.
ივანიშვილი ამბობს, რომ მის მიმართ შვეიცარიული ბანკის დამოკიდებულებით იმედგაცრუებულია, 1990-იანი წლების რუსული ბანკების შეუზღუდავ მეთოდებთან შედარებითაც კი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უწარმოებია ბიზნესი „ველურ, ველურ რუსეთში და საქართველოს ბანკებში, მას არ განუცდია არაფერი იმის მსგავსი, რაც ნახა „კრედიტ სუისში“.
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისეთ ბანკს, როგორიც არის „კრედიტ სუისი“, მსგავსი რამის გაკეთება შეეძლო“, – ამბობს ივანიშვილი.
მხილების იძულების მიზნით, საქართველოს მოქალაქემ ბრძოლა სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდშიც განაგრძო, სადაც „კრედიტ სუისს“ აქვს მინდობილობითი ფონდები და სადაზღვევო ერთეულები, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა მისი ფულის ინვესტირება. გასულ წელს, ნიუ იორკში, მალკინის ადვოკატებმა „კრედიტ სუისს“ ფედერალურ სასამართლოში უჩივლეს. ისინი ცდილობენ, რომ „კრედიტ სუისს“ იმ დოკუმენტების გადმოცემა აიძულონ, რომლებიც, მათი აზრით, ლესკადრონის ქმედებას ნათელს მოჰფენს. ივანიშვილმა თქვა, რომ საქმე ეხება არა ფულს („იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე მჭირდება“), არამედ პრინციპებს“, – აღნიშნულია სტატიაში, სადაც მოყვანილია ბიძინა ივანიშვილის სიტყვები – „რაც უნდა გახდეს საჭირო, რამდენი დროც უნდა დასჭირდეს, უკან არ დავიხევ“.