„ბლუმბერგი“ - რუსეთი უკრაინაში ომისთვის უცხოელების გადაბირებას სათამაშო აპლიკაციის საშუალებით ცდილობს
„ბლუმბერგი“ - რუსეთი უკრაინაში ომისთვის უცხოელების გადაბირებას სათამაშო აპლიკაციის საშუალებით ცდილობს

რუსეთი უკრაინაში ომისთვის უცხოელების გადაბირებას სათამაშო აპლიკაციის საშუალებით ცდილობს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ აქვეყნებს სტატიას.

გამოცემის ცნობით, რუსეთმა სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები უკრაინაში ომისთვის პლატფორმა Discord-ის მეშვეობით გადაიბირა.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ ორმა 20 წლის მამაკაცმა სამხრეთ აფრიკა გასული წლის ივლისში დატოვა, მას შემდეგ, რაც სათამაშო პლატფორმის ერთ-ერთ მომხმარებელთან ჰქონდათ კომუნიკაცია. მათ სანკტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის არმიასთან ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.

საბაზისო წვრთნის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი 2024 წლის ოქტომბერში ლუგანსკის რეგიონში ფრონტის ხაზზე დაიღუპა, ხოლო მეორის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

„ბლუმბერგის“ ცნობით, მათ დაჰპირდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეობას მისცემდნენ და სამხედრო სამსახურის შემდეგ განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებოდათ.

გამოცემა წერს, რომ რუსეთმა ასევე დაიქირავა სხვა აფრიკული ქვეყნების, მათ შორის კენიის, კამერუნის და ბურკინა ფასოს მოქალაქეები. წყაროების ცნობით, გაწვევის ეს პრაქტიკა უკრაინაში რუსეთის არმიაში დიდი დანაკარგების და პერსონალის დეფიციტის ფონზე წარმოიშვა.