„ბლუმბერგი“ - ქართული ეროვნული ვალუტა აგვისტოს დასაწყისამდე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე იყო, თუმცა თურქეთში ბაზრებზე პანიკამ შეარყია
„ბლუმბერგი“ - ქართული ეროვნული ვალუტა აგვისტოს დასაწყისამდე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე იყო, თუმცა თურქეთში ბაზრებზე პანიკამ შეარყია

როდესაც საქართველო რუსეთთან ომის ათი წლისთავს აღნიშნავს, მისი ვალუტა სამხრეთელი მეზობლის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, – ამის შესახებ ნათქვამია სააგენტო „ბლუმბერგის“ სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ქართული ეროვნული ვალუტა მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისამდე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე იყო, თუმცა თურქეთში ბაზრებზე პანიკამ ქართული ლარი შეარყია.

„რამდენიმე დღეში ლარი თურქეთის სავალუტო კრიზისმა ჩაითრია, ვინაიდან ინვესტორები მიიჩნევენ, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყანას უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ადაპტირება დასჭირდება“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში ექვსი პროცენტით გაუფასურდა. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია, რომელიც მიმდინარე თვეში თავად განიცდის ვალუტის დაცემას აშშ-ის მხრიდან ბოლო სანქციების ამოქმედებისა და ახალი სანქციების დაწესების მუქარის შემდეგ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ლარის წარმატების უკუსვლა თურქული ლირის გვერდითა ეფექტის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ლირის გაუფასურება უკვე აისახა ევროზონასა და ლათინური ამერიკის ბაზრებზე. რუსეთსა და თურქეთში არსებულმა სავალუტო კრიზისმა უკვე მოახდინა გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზეც, მათ შორის ყაზახეთსა და აზერბაიჯანზე.