„ბლუმბერგი“ - პოლონეთის ხელისუფლებას სურს, წლის ბოლომდე რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე უარი თქვას
„ბლუმბერგი“ - პოლონეთის ხელისუფლებას სურს, წლის ბოლომდე რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე უარი თქვას

პოლონეთის ხელისუფლებას სურს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე უარი თქვას. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, პოლონეთი გეგმავს, ყველაფერი გააკეთოს, რომ 2022 წლის ბოლომდე რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტოს.

„ჩვენ წარმოვადგენთ ევროპაში ყველაზე რადიკალურ გეგმას რუსულ ნავთობზე, რუსულ გაზზე, რუსულ ქვანახშირზე უარის თქმის შესახებ. ეს გეგმა აუცილებელია ევროპისთვის, რომ ის საბოლოოდ მოვიდეს გონს, რადგან როდესაც სხვები ევროპაში რუსეთს უყურებდნენ, როგორც ბიზნესპარტნიორს, ჩვენ ვიცოდით, რომ ის ნავთობს და ყველაზე მეტად, გაზს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებს“, – განაცხადა მორავეცკიმ.

როგორც მედია წერს, ევროსტატის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის პანდემიამდე, 2019 წელს პოლონეთი რუსეთიდან ყოველდღიურად 365 ათასი ბარელი ნედლი ნავთობის იმპორტს ახორციელებდა, რაც ქვეყნის მიერ იმპორტირებული ნედლი ნავთობის თითქმის 70 პროცენტს შეადგენდა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოლონეთი შეწყვეტს რუსეთიდან ქვანახშირის შესყიდვას მომავალი თვიდან ან მაისიდან. რაც შეეხება ბუნებრივი აირის შეძენას, გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით პოლონეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურება და მთავრობა აცხადებს, რომ მის გახანგრძლივებას არ აპირებს.