„ბლუმბერგი“ - პოლონეთი საკუთარი „დრონების კედლის“ მოწყობას დაიწყებს და საერთო ევროპული კედლის ამოქმედებას არ დაელოდება
„ბლუმბერგი“ - პოლონეთი საკუთარი „დრონების კედლის“ მოწყობას დაიწყებს და საერთო ევროპული კედლის ამოქმედებას არ დაელოდება

პოლონეთი საკუთარი „დრონების კედლის“ მოწყობას დაიწყებს და საერთო ევროპული კედლის ამოქმედებას არ დაელოდება, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში უწყება გაასაჯაროებს ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ინვესტიციების დაბანდებას დრონების მონიტორინგის, აღმოჩენისა და განეიტრალების ტექნოლოგიებსა და ანტისაჰაერო თავდაცვის უფრო ფართო სისტემაში.

როგორც მედია წერს, პოლონეთის მთავრობის სურვილია, ახალი შესაძლებლობები უკვე სამ თვეში ამოქმედდეს, ხოლო მთლიანად ახალი დამცავი სისტემა ორ წელიწადში ამუშავდეს.

ვარშავაში აცხადებენ, რომ პოლონეთი გააგრძელებს საერთო ევროპულ ინიციატივაში მონაწილეობას, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭება ეროვნულ პროექტებს. ასევე ნავარაუდებია, რომ კონტრაქტების, სულ მცირე, ნახევარი გაფორმდება პოლონელ მწარმოებლებთან.

მედიის ინფორმაციით, ამ პროგრამის ბიუჯეტი ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, 2025 წელს პოლონეთის საჰაერო სივრცე ორ ათეულამდე დრონმა დაარღვია. ვარშავაში განაცხადეს, რომ საუბარია რუსულ დრონებზე. ევროკავშირმა განაცხადა, რომ აპირებს შექმნას ე.წ. დრონების კედელი, რომელიც წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაიცავს.