„ბლუმბერგი“ – კრემლი აღარ განიხილავს უკრაინისთვის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებას, რადგან ალასკის შეთანხმებები ჩაიშალა
რუსეთი აღარ გეგმავს უკრაინისთვის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებას ომის დასრულების შესახებ შესაძლო შეთანხმების ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი კვლავ გეგმავს დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას, ხოლო სუმისა და ხარკოვის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში დატოვებას და მათ „ბუფერულ ზონებად“ გადაქცევას.
„ბლუმბერგის“ ცნობით, პუტინმა უარი თქვა რაიმე ტერიტორიულ დათმობაზე, რადგან კრემლში მიიჩნევენ, რომ 2025 წლის აგვისტოში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ანკორიჯის სამიტზე მიღწეული არაფორმალური შეთანხმებები ჩაიშალა.
სააგენტოსთან საუბარში წყაროები აღნიშნავენ, რომ რუსეთი მზად არის, მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს მას შემდეგ, რაც სრულად დაიკავებს დონეცკის ოლქს.
წყაროების თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პუტინი დაარწმუნა, რომ ამის მიღწევა 2026 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. თუმცა „ბლუმბერგის“ წყარომ, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან არის დაახლოებული, აღნიშნა, რომ ბევრი რუსი სამხედრო ასეთ ვადას არარეალისტურად მიიჩნევს. მათი შეფასებით, დონბასზე სრული კონტროლის დამყარება მხოლოდ 2027 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა „ბლუმბერგთან“ ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, კრემლის პოზიცია უფრო ხისტი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ გააძლიერა დარტყმები რუსეთის სიღრმეში, მათ შორის მოსკოვსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ამას ასევე დაემთხვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემცველი ახალი კანონპროექტისადმი, რომლის ინიციატორიც სენატორი ლინდსი გრემი იყო.
ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ალასკაზე გამართულ სამიტზე რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების წინადადებები განიხილეს და კონკრეტული შეთანხმება არ მიღწეულა. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ანკორიჯში თუ წარადგინა დარეგულირების წინადადებები და რუსეთი მათ დაეთანხმა, მაშინ „არ შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება არ არსებობდა“.
პუტინის თქმით, ანკორიჯში განიხილებოდა „კომპრომისები და გარკვეული შესაძლებლობები.
„ანკორიჯში მართლაც არ ყოფილა რაიმე შეთანხმება. ანკორიჯის სული, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ გაფორმებულა ოფიციალური დოკუმენტებით და არავის მოუწერია ხელი, მაინც არსებობდა“, – განაცხადა პუტინმა.
ივლისის დასაწყისში „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი უარყოფს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წინადადებებს და, სავარაუდოდ, კონფლიქტის ესკალაციის გზას აირჩევს. სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე გახშირებულმა დარტყმებმა გააძლიერა პუტინის გადაწყვეტილება სამხედრო მოქმედებების გაგრძელების შესახებ.