„ბლუმბერგი“ - კორონავირუსის საფრთხის გამო, მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა გუშინ 139 მილიარდი დოლარით იზარალა
„ბლუმბერგი“ - კორონავირუსის საფრთხის გამო, მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა გუშინ 139 მილიარდი დოლარით იზარალა

კორონავირუსის საფრთხის გამო, 24 თებერვალს მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა 139 მილიარდი დოლარი დაკარგა. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ვირუსის გლობალური გავრცელების საფრთხემ საფონდო ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი ფრანგული კომპანია „ლუი ვიტონ მოეტ ჰენესის“ დირექტორმა, ბერნარ არნომ და „ამაზონის“ ხელმძღვანელმა, ჯეფ ბეზოსმა განიცადეს. თითოეულმა მათგანმა 4.8 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ესპანური სავაჭრო ქსელის, „ზარას“ მფლობელმა, ამანსიო ორტეგამ ერთ დღეში ოთხი მილიარდი დოლარით იზარალა, „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა კი, 3.48 მილიარდი დოლარით.

წამყვანი ამერიკული საფონდო ინდექსები 24 თებერვლის ვაჭრობის დასასრულს, სამი პროცენტით შემცირდა. ამერიკულ სამრეწველო ინდექს „დოუ ჯონსს“ 3.56-პროცენტიანი კლება ჰქონდა, „ეს ენდ პი 500“-ს 3.35-პროცენტიანი, მაღალტექნოლოგიურ სააქციო ბირჟა „ნასდაქს“ კი – 3.71-პროცენტიანი.