„ბლუმბერგი“ - ევროპა და აშშ-ი უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას ისახავენ მიზნად, რაც მოიცავს ომის შემდგომ უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესაძლებლობას
„ბლუმბერგი“ - ევროპა და აშშ-ი უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას ისახავენ მიზნად, რაც მოიცავს ომის შემდგომ უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესაძლებლობას

ევროპელი ლიდერები და აშშ-ის ოფიციალური პირები უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას ისახავენ მიზნად, რაც მოიცავს ომის შემდგომ უკრაინაში ამერიკული ჯარების ადგილზე განთავსების შესაძლებლობას, რათა უზრუნველყონ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება, როგორ უნდა ინტეგრირდეს ვაშინგტონის მიერ ცოტა ხნის წინ შეთავაზებული შესაძლებლობები უკრაინის მოკავშირეებისგან შემდგარი კოალიციის გეგმასთან.

Bloomberg-ის მიხედვით, გაურკვეველია, რა როლს შეასრულებენ აშშ-ის ჯარები ან სად განლაგდებიან ისინი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში. ევროპულმა ქვეყნებმა განიხილეს მრავალეროვნული „მხარდამჭერი ძალის“ განლაგება, რომელშიც უკრაინის არმია ფრონტის ხაზზე თავდაცვას უხელმძღვანელებდა.

წყაროების განცხადებით, აშშ ასევე მზადაა, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს, მათ შორის დაზვერვის უზრუნველყოფით.

ცნობისთვის, დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება, სადაც მონაწილეობას 27-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს. მათ შორის არიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.