„ბლუმბერგი“ - ევროკავშირმა და აშშ-მა ტარიფების შესახებ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს
„ბლუმბერგი“ - ევროკავშირმა და აშშ-მა ტარიფების შესახებ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს

ევროკავშირმა და აშშ-მა ტარიფების შესახებ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სავაჭრო საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა მოლაპარაკებების დროს ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციაზე ნათელი წარმოდგენა ვერ მიიღო.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო უთანხმოებების გადალახვის დროს „უმნიშვნელო პროგრესს“ მიაღწიეს.

„ამერიკულმა მხარემ ასევე განუმარტა ევროკავშირს, რომ 20%-იანი ტარიფები, რომლებიც ამჟამად დროებით 10%-მდეა შემცირებული, და ტარიფები ალუმინსა და ავტომობილებზე, სრულად არ გაუქმდება“, – წერს სააგენტო.

როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, ახლა დისკუსიები ორ მხარეს შორის ტექნიკურ დონეზე გაგრძელდება.

ევროკავშირი აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ გასულ წელს თითქმის ერთი ტრილიონი დოლარი შეადგინა.