„ბლუმბერგი“ – დასავლური დაზვერვის შეფასებით, ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია, რაც ომამდელი მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარს შეადგენს

12:16, 11.11.2026

დასავლური დაზვერვის შეფასებით, ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია, რაც ომამდელი მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ეს მონაცემები მიუთითებს, რომ საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში ირანს კვლავ მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა თვეების განმავლობაში აშშ-ის საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო.

ამასთან, „ბლუმბერგი“ იხსენებს ომის პირველივე დღეებიდან აშშ-ის ლიდერების განცხადებებს, რომელთა თანახმადაც, თეირანის სარაკეტო არსენალი და მისი აღდგენის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შესუსტდა. ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა ეს შეფასება 10 ნოემბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ ირანის სამრეწველო ბაზის 80% განადგურებულია.

„ირანის ჩვეულებრივი სამხედრო ძალები ძირითადად აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურდა. თუმცა, დასავლელი მაღალჩინოსნის განცხადებით, რომელიც სამხედრო დაზვერვის ანგარიშებს ეყრდნობა, ირანს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ აქვს, სულ მცირე, 1 700 ბალისტიკური რაკეტა და ახალ რაკეტებს ომამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად აწარმოებს“, – წერს „ბლუმბერგი“.

ამასთან, გამოცემასთან საუბრისას ლონდონის კინგსის კოლეჯის ომის კვლევების დეპარტამენტის მკვლევარმა, ირანისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალიზებულმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ანალიტიკოსმა, ჯიმ ლამსონმა აღნიშნა, რომ ირანის არსენალში, შესაძლოა, ათასობით „შაჰედის“ ტიპის დამრტყმელი დრონი იყოს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, დასავლური დაზვერვის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსეთი ირანს იარაღით ამარაგებდა, თუმცა უცნობია, რა ტიპისა და რაოდენობის შეიარაღებაზეა საუბარი.

მსგავსი