„ბლუმბერგი“ – დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გასულ თვეში უკრაინის ომთან დაკავშირებით საიდუმლო შეხვედრა გამართეს

13:25, 05.08.2026

დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გასულ თვეში უკრაინის ომთან დაკავშირებით საიდუმლო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა და მონაწილეებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ტიმ ბეროუ, გერმანიის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მარკუს ედერერი და გამოცდილი ფრანგი დიპლომატი პიერ ვიმონტი.

გამოცემის წყაროებმა არ გაამჟღავნეს, ვინ წარმოადგენდა კრემლს შეხვედრაზე.

„ასეთი შეხვედრები ყველაზე ხშირად კერძო ინიციატივებია ოფიციალური მანდატის გარეშე და ექსპერტთა დისკუსიების ფორმას იღებს. ეს ე.წ. მეორე დონის შეხვედრები მიზნად ისახავს იდეების გაცვლას, რომელთა გადაცემა მოგვიანებით სამთავრობო არხებით შეიძლება“, – წერს „ბლუმბერგი“.

ამ ინფორმაციაზე რეაგირებისას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ასეთ შეხვედრებს ომის დასრულებისთვის „თითქმის ნულოვანი“ მნიშვნელობა აქვს.

როგორც სამინისტროს პრესმდივანმა, გეორგი ტიხიმ აღნიშნა, უკრაინულმა მხარემ გერმანიას ასეთი შეხვედრების ჩატარების უფლება არ მისცა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპელი ლიდერებისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით საიდუმლო მოლაპარაკებები გამჟღავნდა. ივლისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე შეხვედრის შესახებ განაცხადა. ალიევის თქმით, დღის წესრიგში ასევე იყო უკრაინაში ომის დასრულება.

მსგავსი