„ბლუმბერგი“ - Credit Suisse-ის ტრასტმა აღიარა, რომ არ აცნობა მილიარდერ კლიენტს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ, რამაც შესაძლოა, განსაზღვროს სინგაპურში მიმდინარე სასამართლო დავის შედეგი
„ბლუმბერგი“ - Credit Suisse-ის ტრასტმა აღიარა, რომ არ აცნობა მილიარდერ კლიენტს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ, რამაც შესაძლოა, განსაზღვროს სინგაპურში მიმდინარე სასამართლო დავის შედეგი

შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ტრასტმა აღიარა, რომ არ აცნობა თავის მილიარდერ კლიენტს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ, – ამის შესახებ ნათქვამია გამოცემა „ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიაში. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს არის მოულოდნელი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება, განსაზღვროს სინგაპურში მიმდინარე სასამართლო დავის შედეგი.

მედიასაშუალების ცნობით, სასამართლო პროცესის პირველი ცხრა დღის განმავლობაში Credit Suisse-ის ტრასტის წამყვანი ადვოკატი ლი ენგ ბენგი ამტკიცებდა, რომ მისი კომპანის პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების მართვით და რომ თავად მაგნატი, ან მისი ქართველი ბიზნესმრჩეველი იღებდა გადაწყვეტილებებს ინვესტიციებთან დაკავშირებით და პასუხისმგებელი უნდა იყოს ყველა სახის დანაკარგზე. თუმცა პარასკევს, შუადღით, ლიმ აღიარა თავმჯდომარე მოსამართლის წინაშე, რომ ტრასტი კომპანია Meadowsweet-ში ივანიშვილის ინვესტიციებთან მიმართებაში მოქმედებდა თავისი, როგორც ნდობით აღჭურვილი მმართველის ვალდებულებების დარღვევით.

„მოპასუხე აღიარებს, რომ 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მას უნდა მიეღო გონივრული ზომები Meadowsweet Assets Limited-ის საბანკო ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების საკითხის მოსაგვარებლად, მათ შორის პირადად უნდა დაკავშირებოდა ბატონ ივანიშვილს, რათა გადაემოწმებინა Meadowsweet-ის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვების კანონიერება“, – ვკითხულობთ სტატიაში.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტრასტისგან სასამართლოს გზით 800 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალისა და დაკარგული შემოსავლის ანაზღაურებისთვის 800 მილიონ დოლარს ითხოვს, რომელიც, მისი თქმით, მას უნდა მიეღო წლების განმავლობაში, თუკი ფული უსაფრთხოდ იქნებოდა ინვესტირებული. გასულ კვირაში ივანიშვილმა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ რუსულ აქციებში ზოგიერთი ინვესტიციის გარდა, რომელიც მან Credit Suisse-ის საშუალებით ადრეულ ეტაპზე განახორციელა, ის არაფერს მართავდა და ინვესტიციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება თაღლით ბანკირ პატრიკ ლესკადრონს დაუტოვა.

სტატიის თანახმად, 2018 წელს ლესკადრონი სასამართლომ დამნაშავედ ცნო რვა წლის განმავლობაში ყოფილი კლიენტების, მათ შორის ივანიშვილის, ხელმოწერების გაყალბებაში.

მარტში ივანიშვილმა მოიგო 607 მილიონი დოლარის ღირებულების სასამართლო დავა ბერმუდის სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ Credit Suisse-ის ადგილობრივმა სადაზღვევო განყოფილებამ დახუჭა თვალი ლესკადრონის თაღლითობაზე. Credit Suisse Life გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, სინგაპურის სასამართლოში Credit Suisse-ის ტრასტის ადვოკატის განცხადებაზე ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამავე სტატიაში წერია, რომ სასამართლო პროცესი კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება ორივე მხარის ჩვენებებითა და დასკვნითი არგუმენტებით. ვერდიქტი მოსალოდნელია 2023 წლის პირველ ნახევარში.