Bloomberg - წადით თბილისში და ისრიალეთ გუდაურში
Bloomberg - წადით თბილისში და ისრიალეთ გუდაურში

Bloomberg-ის ახალი ამბების რედაქცია მსოფლიოს თებერვლისა და მარტის მოგზაურობის დაგეგმვაზე რჩევებს აძლევს. სტატიაში, რომელიც Bloomberg-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, სათაურით „ეს ხუთი საუკეთესო ევროპული ტური აერთიანებს კულტურასაც და თხილამურით სრიალსაც“, საქართველო პირველ ადგილზეა.

„თუ გიყვართ თხილამურით სრიალი, მაგრამ არ გინდათ დაგეგმოთ მოგზაურობა, რომელიც მხოლოდ ალპებში მიდის – მოსინჯეთ ასეთი მოულოდნელი კომბინაციები“ – წერს სტატიის ავტორი. Bloomberg მკითხველებს ურჩევს სცადონ ევროპის იმ ქვეყნებში მოგზაურობა, რომელთა დედაქალაქებიც კულტურულ და ისტორიულ ადგილებად მიიჩნევა და რომლებსაც ასეთ დედაქალაქებთან ახლოს ადრენალინისთვის საჭირო სამთო კურორტებიც აქვთ.

„აი ხუთი ასეთი კომბინაცია, რომელზეც შეიძლება არასდროს გიფიქრიათ,“ წერს სტატიის ავტორი და ასახელებს ხუთ ქვეყანას.

Bloomberg-ის ხუთეულში პირველია საქართველო, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „წადით თბილისში.. და ისრიალეთ გუდაურში”.

სტატიაში თბილისის ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად საუბარია გასართობ ადგილებზეც. ავტორი მოგზაურებს ურჩევს აუცილებლად ეწვიონ „ფაბრიკას“, რომელიც ძველი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზეა, ამჟამად კი იქ განთავსებულია კაფე-ბარები და ხელოვანთა სტუდიები.

„ყოფილი საცურაო აუზის ადგილას განთავსებულ ღამის კლუბი Bassian-ში სტუმრობით, რომელიც დღეს ტექნო ჰაბია, მიხვდებით, რატომ ითვლება თბილისი აღმოსავლეთ ევროპაში გართობის კუთხით ყველაზე მაგარ ადგილად.

„თბილისი კომპაქტური ქალაქია, რომლის დასათვალიერებლად რამდენიმე დღე გეყოფათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთ გუდაურში, რომელიც დედაქალაქიდან ორი საათის გზაზეა. გუდაური, ერთ-ერთია ევროპის საოცარ ახალ სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის, მხოლოდ 30 მილის სასრიალო ტრასით, თუმცა ის არა მხოლოდ ამ მანძილზე გადაჭიმული სიზმარში ნანახი საოცრება, არამედ საქართველოს ყველაზე ცნობილი სამთო კურორტია, ყველა კატეგორიის – მათ შორის ექსტრემალური მოთხილამურეებისთვის. და მისი განვითარება ჯერ კიდევ გრძელდება. ამ წელს ხუთი მილის სიგრძის საბაგირო გზა გუდაურს მეზობელ კობთან დააკავშირებს და შექმნის ერთიან სათხილამური ზონას“ – წერს Bloomberg-ის სტატიის ავტორი.

საქართველოსთან ერთად ხუთეულშია თურქეთის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სლოვენიის ზამთრის რამდენიმე კურორტი.