Bloomberg - საბერძნეთი საკუთარი ეკონომიკის გაუმჯობესებას სამედიცინო მარიხუანით გეგმავს
Bloomberg - საბერძნეთი საკუთარი ეკონომიკის გაუმჯობესებას სამედიცინო მარიხუანით გეგმავს

საბერძნეთი საკუთარი ეკონომიკის გაუმჯობესებას სამედიცინო მარიხუანით გეგმავს, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას სააგენტო Bloomberg-ი.

როგორც Bloomberg-თან ინტერვიუში საბერძნეთის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის მინისტრი ევანგელოს აპოსტოლუ აცხადებს, ქვეყანაში მარიხუანის მოსაყვანად სათბურების შექმნის პროექტით უკვე დაინტერესდნენ მეწარმეები. მისი მონაცემებით, ამ ეტაპზე, საუბარია 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტებზე. მინისტრი იმედოვნებს, რომ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის მოყვანა საქმიანობის ერთ-ერთი იმ სახეობათაგანია, რომელიც შვიდწლიანი კრიზისის შემდეგ ეკონომიკის აღდგენას შეუწყობს ხელს.

საბერძნეთის მთავრობის გათვლით, სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის კულტივირება და წარმოება ქვეყანას 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიარდ ევროს შემოსავალს მოუტანს. ამასთან, 12-15 სათბურისგან შემდგარი ერთი კომპლექსი 400 სამუშაო ადგილს შექმნის. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში 2011 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე 20%-ს აღემატება, რაც ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

საბერძნეთში უკვე შემუშავებულია კანონპროექტი მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალიზების შესახებ. საბერძნეთის მთავრობა დოკუმენტს პარლამენტს განსახილველად 2017 წლის ბოლომდე გადაუგზავნის. როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, თუ აღნიშნული კანონპროექტი დროულად დამტკიცდება, მეწარმეებს საკმარისი დრო ექნებათ იმისთვის, რომ მომავალ ზაფხულს უკვე პირველი მოსავალი მიიღონ.

ამასთან, ურუგვაის და აშშ-ის რამდენიმე შტატისგან გასხვავებით, საბერძნეთი მარიხუანის სრულად ლეგალიზებას არ აპირებს. როგორც აპოსტოლუ აცხადებს, საბერძნეთის მთავრობა აპირებს, რომ მარიხუანის კულტივირება და გაყიდვა მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის დაუშვას.

„ათასობით ადგილობრივი ოჯახი, რომელსაც ჰყავს მძიმე დაავადებით შეპყრობილი წევრი, მაგალითად სიმსივნით ან პარკინსონის დაავადებით, შეძლებს, მიიღოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრინციპების შესაბამისად საბერძნეთში წარმოებული წამალი“, – ამბობს ევანგელოს აპოსტოლუ.

გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, ამჟამად სამედიცინო მარიხუანის მსოფლიო ბაზრის მოცულობა რვა მილიარდ დოლარს შეადგენს. ანალიტიკური ორგანიზაციის Brightfield Group-ის პროგნოზით, 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი 31,4 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ამჟამად სამედიცინო მარიხუანის გაყიდვის 90% აშშ-ზე მოდის, თუმცა მოსალოდნელია, რომ ოთხ წელში აშშ-ის წილი 60%-მდე შემცირდება.

სამედიცინო მარიხუანის მწარმოებელმა კანადურმა კომპანია Tilray-მ სექტემბერში განაცხადა, რომ პორტუგალიაში 20 მილიონი ევროს ინვესტიციის ჩადებას აპირებს. კომპანია უახლოეს მომავალში სამედიცინო მარიხუანაზე ევროპაში მოთხოვნის ზრდას ელოდება.

დატოვე კომენტარი