„ბლექ სი პეტროლიუმი“ – ყულევში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელმა საწარმომ არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო, რითაც წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება
„ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს, რომ 23 აგვისტოდან ყულევში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბლექ სი პეტროლიუმის“ ინფორმაციით, წარმატებით დაასრულდა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი.
„23 აგვისტოდან შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო – ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება.
აღნიშნულს წინ უძღოდა გარდამავალი პერიოდი, ივლისის თვე და აგვისტოს პირველი სამი კვირა, როდესაც საწარმო, რუსულთან ერთად, ყაზახურ ნედლ ნავთობს გადაამუშავებდა.
30 აგვისტოს ყულევის პორტში შემოვიდა გემი KRITI LEGEND-ი, რომელმაც BSP-სთვის ლიბიური ნედლი ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა — 90 000 ტონამდე ტვირთი 3 ივლისს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებშია მოწოდებული.
ამრიგად, ბლექ სი პეტროლიუმის მიერ პირველ და 31 ივლისს გაცხადებული ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმა წარმატებით განხორციელდა“, – ნათქვამია „ბლექ სი პეტროლიუმის“ განცხადებაში.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის სანქციათა 21-ე პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სანქციების ამოქმედების ვადად ექვსი თვე იყო დასახელებული. მოგვიანებით, ევროკომისიის პრესსპიკერმა, შივონ მაკგარმა განაცხადა, რომ ექვსთვიანი გადავადების მიზანი ქარხნის მფლობელებისთვის რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაციის შესაძლებლობის მიცემა იყო.
„გვინდა, ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ დავუშვით ექვსთვიანი გადავადება, რათა ქარხნის მფლობელებს მიეცეთ შესაძლებლობა, რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ. კომისია თუ დაადგენს, რომ ვალდებულებები შესრულებულია, მაშინ ყულევი სანქციების სიაში აღარ იქნება“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.