„ბლექ სი პეტროლიუმი“ – აგვისტო-სექტემბრიდან „ბლექ სი პეტროლიუმი“ სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს
მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან „ბლექ სი პეტროლიუმი“ სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს, – ამის შესახებ ნათქვამია შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ განცხადებაში.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ. 2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ უზრუნველყო 650-ათას ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება. საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულებების შემდეგ, კომპანიამ გააფართოვა პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან და მოიცვა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვის მიმართულება.
2027 წლის I კვარტლიდან კომპანია იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისთვის. 2027 წლის II კვარტალში კი საწარმოს გაუჩნდება შესაძლებლობა, აწარმოოს საავიაციო საწვავი.
უკვე მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს სტრატეგიული გეგმის მიხედვით საწარმოს განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“, – აღნიშნულია „ბლექ სი პეტროლიუმის“ განცხადებაში.