„ბლექ სი არენაზე“ ვერდის „აიდა“ წარმოადგინეს
„ბლექ სი არენაზე“ ვერდის „აიდა“ წარმოადგინეს

ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელიც თბილისში დაიწყო, დღეს „ბლექ სი არენაზე“ ოპერა „აიდას“ წარმოდგენით გაგრძელდა.

„ბლექ სი არენაზე“ ეს საოპერო სპექტაკლის წარმოდგენის პირველი შემთხვევაა. უპრეცენდენტო შემთხვევაა ასევე ვერდის ფესტივალის გამართვა საქართველოში. იგი ყოველწლიურად ტარდება ქალაქ პარმასა და ბუსეტოში და წელს პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს.

პროექტი ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის გასულ წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება, რომლის მიხედვით, ქართულ მხარეს ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.

პომპეზური სანახაობის დეკორაციებიცა და კოსტიუმებიც იტალიაში, კერძოდ არენა დი ვერონას სახელოსნოშია დამზადებული.

ვერდის ფესტივალი 25 აგვისტოს ასევე „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების გალა კონცერტით დასრულდება.