ბლატერმა ინფანტინოს გადაყენება მოითხოვა
ბლატერმა ინფანტინოს გადაყენება მოითხოვა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს მიაჩნია, რომ ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო უნდა დაითხოვონ თანამდებობიდან მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო.

„პირადად ჩემთვის, სიტუაცია გასაგებია. ფიფას ეთიკის კომისიამ უნდა გახსნას საქმე ინფანტინოსთან მიმართებაში, შესაბამისად, მას უნდა დაატოვებინონ თანამდებობა“ – თქვა ბლატერმა.

ხუთშაბათს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ შვეიცარიის პროკურატურამ საქმე აღძრა ინფანტინოს წინააღმდეგ. 50 წლის ფუნქციონერს ბრალად ედება ფედერალური პროკურატურის თანამშრომელთა მოსყიდვის მცდელობა და უფლებამოსილების გადამეტება.

ინფანტინოს ფიფას პრეზიდენტის პოსტი 2016 წლის თებერვლიდან უკავია. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა იოზეფ ბლატერი, რომელიც ორგანიზაციაში კორუპციული სკანდალების შემდეგ გადადგა.